თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ტყემალაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გახსნა, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. სხდომას მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე ტიბო გუინიარდი ხელმძღვანელობს. ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომას ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი მარკ კულსი და ევროპის 46 ქვეყნის დელეგატები ესწრებიან.
„ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რამაც არაერთი სასიკეთო ინიციატივა მოგვიტანა. დღესაც ჩვენი მიზანია, მონიტორინგის შედეგად მიღებული რეკომენდაციების კვალდაკვალ გავაუმჯობესოთ ადგილობრივი თვითმმართველობის დღის წესრიგი და შეხვედრის ფარგლებში განვიხილოთ ის გამოწვევები, რომლებსაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უქმნის ადგილობრივი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განხორციელებას საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტების - კასპისა და ზუგდიდის მერები: ვახტანგ მაისურაძე და მამუკა წოწერია. გამომსვლელებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.
ღონისძიება სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია - თბილისი“ მიმდინარეობს. კონგრესის კომიტეტის სხდომის მუშაობაში ჩართულები არიან ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი, CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო რუხაძე და კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ქართული დელეგაციის წევრი ოთარ გრიგოლია.
სხდომის მონაწილეები წევრი ქვეყნების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესრულებას და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებს განიხილავენ, ასევე ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მსჯელობენ.
ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაციის წევრები 3 ივლისს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩავლენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.