თბილისის საკრებულოს წევრმა ნათია მოდებაძემ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მოსახლეობას წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ნათია მოდებაძემ საკრებულოს განათლებისა და კულტურის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიების წევრის რანგში განხორციელებულ საქმიანობასა და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წევრის პოზიციაზე, განხილული საკითხების სტატისტიკასა და მისი ჩართულობით გამართულ სხდომებში მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ იქნა განათლებისა და კულტურის კომისიის 13 სხდომა და განხილულ იქნა 23 საკითხი. აქედან ნათია მოდებაძეს მონაწილეობა მიღებული აქვს 8 სხდომაში, სადაც განხილულ და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 12 საკითხზე. რაც შეეხება ნათია მოდებაძის საქმიანობას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის წევრის პოზიციაზე, მისი მონაწილეობით ჩატარდა კომისიის 9 სხდომა და განხილულ და მიღებულ იქნა 15 საკითხი.
საკრებულოს წევრმა წარდგენისას აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 2023 წლის ბიუჯეტმა 151 526 900 ლარი შეადგინა და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების მიმართულებით გაგრძელდა იმ პროგრამების დაფინანსება, რომელთა ფარგლებშიც ბენეფიციარები მათი საჭიროებების შესაბამისად ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობით და გარანტირებული სოციალური დახმარებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
„ჯანდაცვის და სოციალური დახმარების მიმართულებით თბილისში მუშაობს 40-მდე ცალკეული პროგრამა თავისი ქვეპროგრამებით, ამასთანავე ამ მიმართულებით ყოველწლიურად ახალი პროგრამები ინერგება და შესაბამისად, ხდება ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამული ბიუჯეტის ცვლილებაც“, - ნათქვამია ანგარიშში.
წარდგენისას ნათია მოდებაძემ დაწვრილებით ისაუბრა თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის შემდეგ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე: სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებები; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და დახმარება, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა; მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობ; უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართის შეძენა; სოციალურად დაუცველ ოჯახებზე და სხვა მოქალაქეებზე სოციალური დახმარებები და სხვადასხვა შეღავათები და ა.შ.
ანგარიშში ვრცელი ადგილი ეთმობა „დაავადებათა სკრინინგის“, „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის“, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის", „ტრანსპლანტაციის" ქვეპროგრამის განხორციელების, „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების“, ,,გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ ქვეპროგრამებს.
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამაში მოქმედი წესის მიხედვით, მშობელს არ ჰქონდა არჩევანის საშუალება და მომსახურებას იღებდა სტანდარტიზებული წესით. წარმოდგენილი ახალი პროექტით კი მშობელს უფლება მიეცა თავად აირჩიოს სეანსების მიწოდება ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად ან ბაზისური მომსახურება.
ცვლილება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესშიც შევიდა. ქვეპროგრამის ფარგლებში, თვეში ფინანსდებოდა არაუმეტეს 1 550 ბენეფიციარი, ხოლო წარმოდგენილი პროექტით ლიმიტი 300 ერთეულით გაიზარდა. შესაბამისად, მიღებული ცვლილების შემდეგ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1 850 ბენეფიციარი, ადრე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებები 400-ლარიანი ვაუჩერით ფინანსდებოდა. აღნიშნული ცვლილებით კი ვაუჩერის ღირებულება 450 ლარამდე გაიზარდა.
ცვლილება შეეხო „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესსაც“, რომელიც დაფინანსების საკითხს ეხება. წარმოდგენილი პროექტით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება სრულად მოხდება და პაციენტს თანაგადახდა აღარ მოუწევს. შესაბამისად, თბილისის მერია 70 000 ლარის ნაცვლად ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას 120 000 ლარის ფარგლებში სრულად დააფინანსებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
საკრებულოს წევრმა წარდგენისას განსაკუთრებული ყურადღება ,,სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ ქვეპროგრამაზე გაამახვილა, რომელიც მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე პირებისათვის ოპერაციის დაფინანსებას გულისხმობს. ასევე ისაუბრა კომისიის რეკომენდაციითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით მიღებულ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების წესზეც“.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, მერიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.