თბილისის საკრებულოში მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის V საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი 2024“-ის პრეზენტაცია და ოფიციალური გამოცხადება გაიმართა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ეთნოფესტი შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი მასშტაბური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მხატვრული რეწვის და დიზაინის ადგილობრივი და უცხოელი წარმომადგენლების ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენას, მასტერკლასებს, საერთაშორისო სემინარებსა და ვორქშოფებს.
„ტრადიციული რეწვა და ხელსაქმე საქართველოს მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია. ჩვენს ქვეყანაში ყველა კუთხეს, რეგიონს ბუნებრივი რესურსებიდან და ცხოვრების ტრადიციული წესიდან გამომდინარე მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები აქვს. საქართველოში ყველაზე გავრცელებულ რეწვის დარგებს მიეკუთვნება ლითონის დამუშავება, მინანქარი, კერამიკა, ხესა და ქვაზე კვეთა, ტყავის დამუშავება, აგრეთვე ქარგვა, ქსოვა. ამ ტრადიციებს დღესაც აგრძელებენ ქართველი ოსტატები, რომელთა ხელშეწყობა და პროფესიული თუ მარკეტინგული უნარების განვითარება უკვე წლებია ეთნოფესტის ფარგლებშიც ხდება. სწორედ ამიტომ ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტს უკვე წლებია აქვს და კვლავაც ექნება თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეთნოფესტი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა, რომელმაც ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველწლიურად ტარდება.
ღონისძიებას ეთნოფესტის დამაარსებელი და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი უძღვებოდა, რომელმაც სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა და ინფორმაცია სამიტის პროგრამის, მონაწილეობის პირობების, მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმების და სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგებისა და კონკურსების შესახებ მიაწოდა.
როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, „ეთნოფესტი 2024“თბილისში 11,12, 13 ოქტომბერს „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში ჩატარდება, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში თავი მოუყარონ დიზაინერების, მეწარმეების ნამუშევრებს, ხალხური რეწვისა და ხელნაკეთ პროდუქციის ნიმუშებს.
ღონისძიებას თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის; საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს; „ჩეხეთის ცენტრი - თბილისის“ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.