დედაქალაქის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა მსოფლიო კამპანიის ფარგლებში „ვარდისფერი ოქტომბერი“.
კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად წარმოებულ კამპანიას საქართველოს დედაქალაქი დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს.
თბილისის საკრებულო კამპანიას „ვარდისფერი ოქტომბერი“, რომელიც მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, წელსაც არაერთი სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება.
მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიასთან ერთად ეროვნული სკრინინგ ცენტრის და „ევროპა დონა საქართველოს“ ჩართულობით აწარმოებს კამპანიას „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“. კამპანიის მიზანია ქალებში კიბოს დროული გამოვლენა, დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროული დაწყება, რაც სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, თქმით, კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ქალი დავარწმუნოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადრეული სკრინინგი, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები, ძუძუს კიბო და ზოგადად, ქალთა ონკოლოგიური დაავადებები.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მერია უფასო პროგრამებს სთავაზობს ქალებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. სამწუხაროდ, მიმართვიანობა ძალიან დაბალია და ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრებითა თუ სხვა ღონისძიებებით ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს სკრინინგის პროგრამებში. ის კონკრეტული ლოკაციები, სადაც სკრინინგ პროგრამები ტარდება, პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. მნიშვნელოვანია, რომ წელს ონკოპაციენტებისთვის ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიისა და იმუნოთერაპიის მედიკამენტები სრულად ფინანსდება“, - აცხადებს თინათინ ნიბლოშვილი.
აღსანიშნავია, რომ 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ ჩაიტარონ ძუძუს კიბოს უფასო გამოკვლევა, ის სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის კვლევები თბილისში შემდეგ მისამართებზე ტარდება: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ, წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი, N113 ა.