თბილისის საკრებულოში განათლების და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის №30 საჯარო სკოლისთვის ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ქართველი მწერლის გურამ რჩეულიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მიმართა და გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, აღნიშნული თხოვნით დედაქალაქის საკრებულოს №30 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ მიმართა.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ რჩეულიშვილი თბილისის №30 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, აღნიშნული სკოლისთვის მისი სახელის მინიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იქნება. მწერლის ღვაწლი ფასდაუდებელია. მისმა შემოქმედებამ და მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. ის თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო, თავისი ცხოვრებისეული და მწერლური სტილით. შესაბამისად, უნდა დაფასდეს მისი წვლილი სამშობლოს წინაშე”, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, შორენა დათიაშვილმა და პედაგოგმა, გურამ რჩეულიშვილის სახელობის მუზეუმის ხელმძღვანელმა ნანა აბურჯანიამ წარმოადგინეს.
როგორც სხდომაზე განაცხადეს, წარმოდგენილი საკითხის თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც საკითხი წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საბოლოო გადაწყვეტილების მიზნით.
დღესვე კომისიის სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ლევან მიქავას მოუსმინეს, რომელმაც სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარმოადგინა.