საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა პირველი მოსმენით „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, კანონში ცვლილების შეტანის საინიციატივო წინადადებით საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს მიმართა.
საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, მუნიციპალურ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციების განთავსების წესმა თანამედროვე ხელოვნების განვითარების მოთხოვნებს უპასუხოს.
სწორედ ამიტომ, ცნება „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ქანდაკება)“ უნდა ჩანაცვლდეს უფრო ფართო გაგებით — „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია“.
როგორც თბილისის საკრებულოს დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, თანამედროვე ხელოვნებაში ახალი მიმართულებები გაჩნდა და პრაქტიკამ ცნების გაფართოების საჭიროების აუცილებლობა წარმოშვა.
საკანონმდებლო ცვლილებაში წარმოდგენილი ცნება „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია“სფეროს ექსპერტებთან, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციასთან და ხელოვანებთან ერთად შემუშავდა.
თამარ ტალიაშვილის თქმით, თბილისის საკრებულო და მერია სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ახალ დადგენილებაზე — „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების, გადაადგილების, დემონტაჟის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ მუშაობს.
ამ მიმართულებით მუშაობა დედაქალაქისთვის როგორც ტურისტების მოწვევის თვალსაზრისით, ისე ახალი კრეატიული ინიციატივებისა და შემოქმედი ადამიანების ხელშეწყობისთვისაა მნიშვნელოვანი.