თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს ადმინისტრაციასა და ბაღების დირექტორებს შეხვდა და თბილისის ბაღების კვების მომარაგების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მათგან მოისმინა.
დირექტორების თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პროდუქტის შეტანა ხელშეკრულების გაწყვეტიდან მეორე დღესვე ოპერატიულად განხორციელდა სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიების მიერ და კვებით მომარაგებაში შეფერხება არ ყოფილა.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღების ადმინისტრაციების მიერ პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება დროებითი ზომაა. მისივე განმარტებით, ბაგა-ბაღებში კვება დადგენილი მენიუსა და სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და ასევე ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება პროცესის მონიტორინგი.
თამარ ტალიაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ბაღებში კვებასთან დაკავშირებით.
,,მივიღე ინფორმაცია, რომ მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა ბავშვთა კვებაზე ნეგატიურად არ ასახულა. თბილისის საბავშვო ბაღების კვების მონიტორინგს 4 სხვადასხვა სამსახური ახორციელებს. ესენია: სურსათის ეროვნული სააგენტო, ბაღების სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება, მერიის აუდიტის სამსახური, ასევე, საკრებულო და ბაგა-ბაღების ადმინისტრაცია. მინდა, მადლობა ვუთხრა სააგენტოსა და დირექტორებს იმისათვის, რომ ამ გარდამავალ ეტაპზე ბაღებში შენარჩუნებულია კვების მაღალი სტანდარტი,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.