საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პირველ დამფუძნებელ კონფერენციაში, სადაც კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა და აკადემიური თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. მჯერა, რომ ამ გაერთიანების ფარგლებში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ჯანსაღი კონკურენციის შექმნას, აკადემიურ სწავლებაში თანამედროვე მეთოდების დანერგვას“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა გასულ წლებში კერძო უმაღლესი სასწავლებლების როლსა და მნიშვნელობაზე, როდესაც აკადემიური წრეების წარმომადგენლები სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებიდან სხვადასხვა მოტივით - თავისუფალი აზრისა თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებოდნენ.
,,კერძო უმაღლესმა სასწავლებლებმა, ჩვენ პროფესორ-მასწავლებლებს, წლების წინ, როდესაც ისინი თავისუფალი სიტყვის გამო იდევნებოდნენ, საშუალება მისცეს აკადემიური საქმიანობის გაგრძელებისა და სფეროში დარჩენის. -განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის დამფუძნებელ ღონისძიებას ასამდე დელეგატი ესწრებოდა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის, თბილისიის მერიის წარმომადგენლები, კერძო სექტორისა და ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციები.
ახლადშექმნილი ასოციაციის მიზანი უმაღლესი განათლების სფეროში კერძო სექტორის ხელშეწყობა, საუკეთესო გამოცდილებების პოპულარიზაცია, სასწავლო პროცესში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო ინტეგრირებაა.