თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა „PH International -საქართველოს“ სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელმძღვანელები და მონაწილე მოსწავლეები საკრებულოში მიიღეს და ორგანიზაციის „PH International - საქართველოს“ და სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორს მარინა უშვერიძეს პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მოსწავლეებს პროგრამის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
როგორც დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია აქტიურად თანამშრომლობს იმ პროგრამებთან, რომელთა მიზანიც სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა და სკოლის მოსწავლეთა მხრიდან სხვადსხვა ტიპის აქტიურობის მხარდაჭრაა, იქნება ეს მათი პროექტების საგრანტო წესით დაფინანსება, თუ სხვაგვარი ხელშეწყობა.
პროგრამის ,,მომავლის თაობა“ მონაწილე მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ სწორედ საკრებულოსთან და მერიასთან თანამშრომლობით გახდა მათთვის შესაძლებელი იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ,რომელიც მწვანე საფარის დაცვას, ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდაჭერას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას გულისხმობს.
სტუმრებმა საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს და ასევე შეუერთდნენ საკრებულოს პროექტს ,,გადაწერე ვეფხისტყაოსანი“.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს დეპუტატები ია მაკასარაშვილი და ზაზა კოლელიშვილი, ,,PH International-ს - საქართველოს’’ ოფისის დირექტორი ბერდია ნაცვლიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ 2015 წლიდან დაიწყო, რომელსაც ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით საქართველოს ყველა რეგიონში 480 სკოლას დახმარება გაეწია.