თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ , ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და მონაწილეებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
თბილისის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით, სკოლა ივერონის, ასევე N186, N192 და N150 სკოლების მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში პროექტები განახორციელეს, რომელიც მწვანე საფარის დაცვას, ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდაჭერასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას გულისხმობს. მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტების პრეზენტაცია შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოადგინეს.
შეხვედრაზე ასევე პედაგოგთა ბლოგების კონკურსში გამარჯვებული ბლოგი და ადვოკატირების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეთა ვიდეო ჩვენება გაიმართა. ღონისძიების დასასრულს თბილისის სკოლების მოსწავლეებმა პანტომიმა სამოქალაქო განათლების თემაზე წარმოადგინეს.
პროგრამის ფარგლებში, 2015 წელს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა პროგრამის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში უმასპინძლეს, სადაც მოსწავლეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდინარე პროექტებისა და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ დეპუტატებისგან პირადად მიიღეს დეტალური ინფორმაცია.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ 2015 წლიდან დაიწყო, რომელსაც ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით დახმარება გაეწია საქართველოს ყველა რეგიონში 480 სკოლას.