თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი თბილისის ბაგა-ბაღების მედპერსონალისათვის ჩატარებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების პირველ ეტაპს დაესწრნენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წევრის, თამარ ტალიაშვილის, ინიციატივით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მედპერსონალი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლის.
როგორც დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, თბილისის ბაგა-ბაღების მედპერსონალისთვის პირველად ტარდება მსგავსი სახის მასშტაბური კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომლის მიზანია ექთნების სამედიცინო ცოდნის განახლება და აღსაზრდელებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნა.
,,ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თბილსისის ბაგა-ბაღები დავაკომპლექტეთ ლოგოპედებით, ფსიქოლოგებითა და სპეცპედაგოგებით. ესეც არის ერთ-ერთი ნაწილი სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვების ჯანსაღი ზრდა-განვითარების სტრატეგიული ხედვისა, რომელიც განათლებისა და კულტურის კომისიამ დაისახა სამი წლის წინ“,- აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
გადამზადების კურსები ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე კი ტრეინინგები 3 დღის განმავლობაში - 27, 28 და 29 ივნისს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში გაიმართება და ძირითადად, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას შეეხება. სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მასალას.
ტრენინგს ციციშვილის კლინიკის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი, ამერიკის გულის ასოციაციისა და ამერიკის ქირურგთა კოლეგიის სერტიფიცირებული ტრენერი პროფესორი ირინა წირქვაძე გაუძღვება.