თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შორენა ბუხრაშვილი სასტუმრო „დიდუბე პლაზაში“ გამართულ სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის რეგიონის აკადემიური წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიებაზე თბილისის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბების წევრმა მოსწავლეებმა 2015-2016 სასწავლო წლის მანძილზე სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავალი თაობა“ ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები, მცირე საგრანტო პროექტები და წარმატებული ადვოკატირების პროცესის შედეგები წარადგინეს.
თამარ ტალიაშვილმა წლის შემაჯამებელი ღონისძიების გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა.
,,მოხარული ვარ, რომ სამოქალაქო განათლების კლუბების წევრები აქტიური ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. PH International-ის დახმარებით ჩვენ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა საკრებულოშიც გავმართეთ, სადაც ისინი საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს შეხვდნენ’’,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ მნიშვნელობასა და მიზანზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და კონკურსში შემოქმედებითი ახალგაზრდების ჩართვის იმედი გამოთქვა.
დღესვე სამოქალაქო განათლების პროგრამის წლის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სამოქალაქო განათლების კლუბების მუშაობის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა განხორციელებული სამუშაოების და კამპანიების შესახებ მოკლე ანგარიშები წარადგინეს და 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე სამოქალაქო განათლების კლუბების წევრების მიერ განხორციელებულ 75 სამოქალაქო ინიციატივაზე ისაუბრეს.
N186 საშუალო სკოლის მოსწავლეებმა კი შორენა ბუხრაშვილის თანადგომას გაუსვეს ხაზი და საკრებულოს წევრს მადლობის სიგელი გადასცეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, PH International-ის, თბილისის მერიის, თბილისის გამგეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, პროგრამის პარტნიორი სკოლის დირექტორები, პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.