ევროპის კვირეულის ფარგლებში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელ დირექტორთან დავით მელუასთან ერთად კონკურსში „მე - ევროპის მოაქალაქე“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
თამარ ტალიაშვილმა, რომელიც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი საბჭოს წევრია, მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და წარმატება მიულოცა.
„საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ განახორციელა მეტად საინტერესო ინიციატივა „მე - ევროპის მოქალაქე“. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველომ უდიდეს წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. სკოლის მოსწავლეების მხრიდან სიღრმისეული გააზრება ევროპის ოჯახის წევრობისა და ამის შემოქმედებითი გზით გამოხატვა არის მეტად მნიშვნელოვანი. კიდევ არაერთ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს პატარა ევროპელებს მომავალში“. - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კონკურსი სახელწოდებით „მე - ევროპის მოქალაქე“, რომელიც 47 ქვეყანაში ჩატარდა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ „ევროპის დემოკრატიის სააგენტოს ქსელის“ ინიციატივით 2015 წლის დკემბერში გამოაცხადა და მასში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
პირობების თანახმად, მონაწილეებს უნდა მოეფიქრებინათ სლოგანი, გადაეღოთ ფოტო ან ვიდეო თემაზე „მე - ევროპის მოქალაქე“. საქართველოდან პირველ ტურში 23 მოსწავლე გავიდა. მათ მიერ წარდგენილი მასალები შემდგომი შეფასებისთვის ევროპელ პარტნიორებს გადაეგზავნათ. დასკვნით ტურში გამარჯვებულად საქართველოდან 4 მოსწავლე მცხეთის, ხარაგაულის, ტყიბულისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიდან გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ მათი ნამუშევრები ევროპის მასშტაბით შერჩეულ 34 საუკეთესოთა შორის მოხვდა და კონკურსის პირობების შესაბამისად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) iPad-ებით დაასაჩუქრა.