თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა წევრებს და მოწვეულ სტუმრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
სხდომაზე თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრთა ცალკეული კატეგორიებისათვის შეღავათიანი მგზავრობის წესში ტექნიკური და შინაარსობრივი ცვლილებების შესახებ საკითხი ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ წარადგინა.
ახალი წესის თანახმად, მოსწავლეებისთვის განკუთვნილ უფასო სამგზავრო ბარათებს უსაფრთხოების დამატებითი საშუალებები ექნებათ. ამავე წესის თანახმად, ბარათების რაოდენობის კონტროლი და შესაბამისად, ბიუჯეტის რაციონალური და მიზნობრივი ხარჯვაც იქნება შესაძლებელი, რაც აღნიშნულ სამსახურს გაცემული ბარათებისა და სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისობაში მოყვანის საშუალებას მისცემს.
დღესვე კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის 2016 წლის I კვარტალში შესრულებული სამუშაოების ანგარიში მოისმინეს, რომელიც სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარადგინა.
სამსახურის უფროსმა საქალაქო სამსახურის მიერ ბიუჯეტის ათვისებაზე, განხორციელებულ ღონისძიებებზე, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრზე ისაუბრა.
როგორც ირაკლი გვილავამ აღნიშნა, I კვარტალში საქალაქო სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ-ებისა და სსიპების კადრების გადამზადება განხორციელდა და პროცესი II კვარტალშიც გაგრძელდება.
ანგარიშის მეორე ნაწილში ყურადღება საქალაქო სამსახურის მიერ განსახორციელებელ გეგმებს, მათ შორის ახალ პროექტებს, კერძოდ, „სამეცნიერო პროგრამებისპროექტების პროგრამა და დაფინანსება“ და „საერთაშორისო მოკლევადიანი სასწავლო კურსების დაფინანსება“ დაეთმო, რომელთა განხორციელების ერთიან წესს კომისია დეტალურად უკვე მომდევნო კვირაში განიხილავს.
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა მომხსენებლებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.