თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის ბაგა-ბაღებში მიმდინარე საკითხებსა და მონიტორინგის პროცესში კომისიის აქტიურ ჩართულობაზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, განათლებისა და კულტურის კომისიას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სტანდარტების გაზრდისათვის კომპლექსური მიდგომა აქვს, რის შედეგადაც ბაგა-ბაღებში არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. კერძოდ, გაიხსნა ახალი და მიმდინარეობს ათობით ბაგა-ბაღის მშენებლობა, საჯარო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესდა კვება, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, სკოლამდელი აღზრდის სასწავლო პროცესებში ფსიქოლოგები და ლოგოპედები ჩაერთვნენ, გაძლიერდა შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირების პროცესი.
მისივე თქმით, კომისიისა და ბაგა-ბაღების სისტემატური თანამშრომლობის ფარგლებში ხდება ანგარიშების მოსმენა, ასევე სფეროს ექსპერტებისა და პედიატრების რეკომენდაციების გათვალისწინებით ჯანდაცვის კომისიათან ერთად მოხდა ბაგა-ბაღებში ავადობის პრევენციის სტრატეგიის განხილვა.
კომისიის სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ბაგა-ბაღებში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაღებში მერიის აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ მთელ რიგ დარღვევებზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს თემურ თორდინავას რეაგირება უნდა მოეხდინა.
გარდა ამისა, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე მხარი დაუჭირეს კომისიის წევრის ქეთევან ჯოხაძის ინიციატივას, რომლის თანახმად, ბაგა-ბაღების მონიტორინგის პროცესში კომისიის ჩართულობის პარალელურად, საკრებულოში თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის კვარტალური ანგარიშის მოსმენა და მიმდინარე საკითხების განხილვა გაიმართემა.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის N -54-ე საჯარო სკოლისთვის მსახიობი სოფიკო ჭიაურელის, ხოლო N -16 საჯარო სკოლისთვის დავით სარაჯიშვილის სახელების მინიჭებას დაუჭირეს მხარი.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად აღნიშნული სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები, ასევე განათლებისა და კულტურის კომისიასთან შექმნილი სათათბიროს წევრები, რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი და მეცნიერი ქეთევან ტომარაძე ესწრებოდნენ.