თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი პროგრამის, წარმატებული მაგისტრანტების წახალისების დაჯილდოების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.
დეპუტატებმა სტუდენტებს წარმატება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. წარჩინებული მაგისტრანტების წახალისების პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს დაიწყო და ის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სტიპენდიის სახით ფინანსურ წახალისებას გულისხმობს.
პროგრამის მიხედვით სტიპენდიის მოპოვება თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს შეუძლია, რომელიც სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტია და 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია - ფრიადი).
პირველ ეტაპზე სტიპენდია სახელმწიფო უნივერსიტეტის 82-მა წარჩინებულმა მაგისტრანტმა მოიპოვა, ხოლო მეორე ეტაპზე სტიპენდია 67 მაგისტრანტს გადაეცემა.
დედაქალაქის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური წარმატებული მაგისტრანტების წახალისების პროგრამას 2016 წელსაც გააგრძელებს.