თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი ცენტრალურ და მუნიციპალურ ხელისუფლებათა იმ ძალისხმევის კონსოლიდირება იყო, რომელსაც ისინი პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით ახორციელებენ.
შეხვედრაში მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.
შეხვედრა დისტანციურად ონლაინ რეჟიმში წარიმართა.
მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს სამინისტროს მიერ შემუშავებული პროფესიული განათლების სტრატეგიის ფარგლებში გატარებული რეფორმის შედეგებისა და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თამარ ქიტიაშვილმა არაფორმალური განათლების ტრენინგ-პროგრამის, ავტორიზებული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მოკლევადიანი პროგრამისა და მომზადება-გადამზადების უფლებამოპოვებული სასერტიფიკატო პროგრამის მიმართულებების მიხედვით ხარისხის უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება.
საქალაქო სამსახურის უფროსის ირაკლი გვილავას თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ მიზანი სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში გადამზადებაა. მისივე ინფორმაციით, პროგრამაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და მისი ეფექტიანობა დასაქმების 70%-იანი მაჩვენებელია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდნენ განათლებისა და კულტურის კომისიის წევრები:მარიკა დარჩია, ერეკლე კუხიანიძე, ლადო ძნელაძე, ქეთევან ჯოხაძე, ანა ლაშხი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და გულია გოცირიძე.ასევე მონაწილეობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისსამინისტროს წარმომადგენელი მარიკა ზაქარეიშვილი.
როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, თბილისის მერია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია პროფესიული განათლებისა და დასაქმების საერთო ეროვნულ საქმეში. მისივე განმარტებით, სამინისტროსთან ერთად დასახული შემდგომი ნაბიჯები ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა კომპეტენციების ხარისხისა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებას.