თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) გამართული კონკურსის "ვწერ თავისუფალ თემას" დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, სახელოვნებო კავშირები და ასოციაციები ინტენსიურად ატარებენ ლიტერატურულ-შემოქმედებით კონკურსებს, რაც ერთგვარ ტრადიციად იქცა.
"უდავოა, რომ თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდობა საჭიროებს ჩვენი მხრიდან მხარდაჭერას და ხელშეწყობას. მსგავსი კონკურსები კი მოსწავლეებში სწავლისა და წიგნიერების მიმართ ინტერესის ამაღლებას ემსახურება, ასევე ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული სამოქალაქო, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას", - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“, გია მურღულიას თაოსნობით დაფუძნდა და საქართველოს მასშტაბით, მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. კონკურსის მიზანია განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია.კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა I, II, III ადგილის გამარჯვებულები და ჟიურის სიმპათია. გამარჯვებული ნაშრომები სამომავლოდ ასევე გამოქვეყნდება კრებულში.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს დამფუძნებელი და რექტორი გია კავთელიშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე.