თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ,,სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკა’’ - ორტომეულის პრეზენტაცია, რომელსაც თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახა ლაბუჩიძე დაესწრო.
წინამდებარე გამოცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
პროექტის მიზანია, ,,სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკის’’ შექმნა, რაც ამ ეტაპზე გულისხმობდა 2 წიგნის გამოცემას.
პირველ წიგნში ,,სოციალ-დემოკრატია და ნაციონალური საკითხი’’ იბეჭდება: ნოე ჟორდანიას ,,ნაციონალური კითხვა ჩვენში’’ და ,,ნაციონალური კითხვა ამიერკავკასიაში’’, აკაკი ჩხენკელის ,,სახელმწიფო და ერი’’, ირაკლი წერეთლის ,,მამულიშვილობა, ეროვნება თუ ხალხის სამსახური?’’ აგრეთვე სპეციალურად ამ წიგნისთვის ქართულად თარგმნილი ოტო ბაუერის ნაშრომები წიგნიდან ,,სოციალ-დემოკრატია და ეროვნული საკითხი’’ (,,თანამედროვე სახელმწიფო და ერი’’, ,,ეროვნების პრინციპი’’, ,,ავსტრია, როგორც გერმანული სახელმწიფო’’, ,,ისტორიის არმქონე ერების გამოღვიძება’’, ,,თანამედროვე კაპიტალიზმი და ეროვნული სიძულვილი’’, ,,სახელმწიფო და ეროვნული ბრძოლები’’, ,,მუშათა კლასი და ეროვნული ბრძოლები’’), ჟან ჟორესის ,,ინტერნაციონალი და სამშობლო’’, ერნესტ რენანის ,,რა არის ერი?’’
მეორე წიგნში იბეჭდება ხარიტონ შავიშვილის ორი თხზულება: ,,სამშობლო, ციხეები, გადასახლება’’ და ,,რუსი რევოლუციონერები 1908 წლის ჟენევაში’’ - ორივე ტექსტი ამ გამოცემისთვის ფრანგულიდან პირველად ითარგმნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელმძღვანელი ია თიკანაძე, უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა თსუ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის - ,,ერთი დღე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან (1918-1921)'' გამარჯვებულების დაჯილდოება. სტუდენტებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.