თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე ვაზისუბნის დასახლებაში ლიფტის შახტში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას მომხდარის გამო და აცხადებს, რომ არ არსებობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ამხანაგობა არ ჰყავს. სწორედ ამხანაგობამ, კრების გადაწყვეტილების ოქმით უნდა აცნობოს გამგეობას იმ პრობლემების შესახებ, რაც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს გააჩნია. სამწუხაროდ, ლიფტის მწვავე ავარიულობის შესახებ განცხადებით ამხანაგობას არ მოუმართავს. განცხადება ამის შესახებ კახა ლაბუჩიძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
საკრებულოს წევრის თქმით, ინფორმაციას საცხოვრებელ მრავალსართულიან კორპუსებში არსებული ლიფტების მდგომარეობის შესახებ, გამგეობებს ამ კორპუსების ამხანაგობა აწვდის.
„ვინაიდან ლიფტები არის ამხანაგობის საკუთრება, თუ არის პრობლემა კონკრეტულ ლიფტთან დაკავშირებით ამხანაგობამ ამის შესახებ უნდა იცოდეს. გამგეობა იმ განცხადებებზე იწყებს ოპერატიულ რეაგირებას, რაზეც ეცნობება ამხანაგობებისგან“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, რაიონის გამგეობის კომპეტენციაში არ შედის ლიფტის საერთო მდგომარეობის დადგენა. როგორც კი ამხანაგობიდან დარეგისტრირდება წერილობითი მიმართვა ლიფტის ავარიული მდგომარეობის შესახებ, მასზე მუშაობა იწყება. პირველ ეტაპზე, ისნის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების ლიფტების სარეაბილიტაციო სამონტაჟო სამუშაოებზე დეფექტური აქტების, ხარჯთაღრიცხვების მომზადება ხდება, პარალელურად კი ცხადდება ტენდერი, რომელშიც გამარჯვებული კომპანია წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იწყებს ლიფტის რეაბილიტაციას.