თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა ლიტერატურული ჟურნალის “ცისკარი 1852” ავტორების დაჯილდოვების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა.
„თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, 2015 წლიდან განახლდა „ჟურნალი „ცისკარი 1852“. ამ ისტორიული ფაქტით, ჩვენ თბილისს დავუბრუნეთ ლიტერატურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო ჟურნალი, რომელიც ერთი მხრივ, აგრძელებს წარსული ღირებულებების დაცვას და ამავდროულად, ახდენს თანამედროვე ქართული მწერლობის პოპულარიზაციას. ეს კონკურსიც ჩვენი დროების ხელოვანთა ხელშეწყობის კუთხით მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ის ყოველწლიურად ჩატარდება და ლიტერატურულ ტრადიციად დამკვიდრდება“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიებაზე მხატვარ ვახტანგ ბარდაველიძის საქველმოქმედო ფონდმა ჟურნალ „ცისკრის“ ავტორები წამახალისებელი პრემიებით დააჯილდოვა. წლის საუკეთესო კრიტიკული წერილისთვის დაჯილდოვდა ნინო დარბაისელ-სტრონი, პროზაული ნაწარმოებისთვის - თემურ ჭკუასელი, ხოლო პოეტური დებიუტისთვის - ალექსანდრე მიშელაშვილი, რომელთაც ფულადი პრემია 2000-2000 ლარი გადაეცათ.