თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი მუნიციპალურ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიზიტს აგრძელებს. კომისიის თავმჯდომარე ამჯერად ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა და მუზეუმის პერსონალს შეხვდა.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, თბილისი მრავალფეროვან და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს და თანამედროვე ტექნოლოგიებით გაცოცხლებული წარსული ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმიც ამ ისტორიის ნაწილია.
„მსოფლიოს მასშტაბით, პანდემიისა და შეზღუდვების ფონზე, ალბათ განსაკუთრებით დავაფასეთ სხვადასხვა სივრცეში ვიზიტისა და ხელოვნების, შემოქმედების ახლოდან ხილვის შესაძლებლობა. მიხარია, რომ თბილისში 1-ლი მარტიდან გვაქვს შესაძლებლობა, გიმასპინძლოთ ჩვენი ისტორიის განსაკუთრებული წარმომადგენლების მემორიალურ სახლ-მუზეუმებში. თბილისი მართლაც მრავალფეროვან და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს. ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი თანამედროვე ტექნოლოგიებით წარსულის გაცოცხლების ნიმუშია. 3D ტექნოლოგიებით მუზეუმის დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს რეალობაში აღიქვას მე-19 საუკუნის თბილისის ცხოვრება და ბარათაშვილის შემოქმედება,“-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
2021 წლის 1-ლი მარტიდან ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ სტრუქტურული ერთეულები დამთვალიერებლებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და სრული დაცვით გაიხსნა.
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 1982 წლიდან დაცულია პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ეპოქალური ნივთები, ხალხური საკრავები, მხატვრული ტილოები, ფოტომასალა, ხელნაწერები, წიგნადი ფონდი. 2017 წელს მუზეუმი სრულად გარემონტდა და განახლდა, საგამოფენო სივრცეში პირველად გამოიყენეს 3D ანიმაციის ვიზუალური ეფექტი.