თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მუნიციპალური კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგისა და მიმდინარე მოვლენების ადგილზე შესწავლის მიზნით, სისტემური გასვლითი შეხვედრები დაიწყო. კომისიის თავმჯდომარე ამჯერად გალაკტიონ ტაბიძის განახლებულ მემორიალურ ბინა-მუზეუმში იმყოფებოდა და მუზეუმის პერსონალს შეხვდა.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, თბილისი უკანასკნელ წლებში კულტურის სფეროსა და მასში დასაქმებულ ადამიანთა ხელშეწყობის მიზნით, მასშტაბურ სისტემურ რეფორმებს ატარებს, რათა დედაქალაქში არსებული კულტურული მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობა წარმოჩინდეს.
მუზეუმი, სადაც პოეტმა 24 წელი გაატარა, 2020 წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცედ გადაკეთდა. განახლებულ სივრცეში ინსტალაცია მოეწყო, რომელიც პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას ქრონოლოგიურად აღწერს.
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმი საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატივითა და ხელშეწყობით, პოეტის დაკრძალვის დღიდან ზუსტად ორმოცი წლის შემდეგ – 1999 წლის 21 მარტს თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩა N4-ში გაიხსნა. გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური მუზეუმი განთავსებულია სახლში, სადაც მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. მწერლის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო თითქმის უცვლელად არის აღდგენილი. მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია ფოტომასალა, ხელნაწერები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც გალაკტიონის ცხოვრების ერთგვარ მატიანეს წარმოადგენს.