თბილისის საკრებულოში სახელოვნებო სტუდია „გვირილას“ 25 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე სტუდიის წარმატებული საფესტივალო ტურნეს ამსახველი მასალა წარადგინეს. საღამოს ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმის აღორძინების ფონდის პრეზიდენტი, სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლიკა გიგაურმა, მსოფლიო ქართველ ებრაელთა მთავარმა რავინმა იაკობ გაგულაშვილმა, მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტმა ევა ბაბალაშვილმა, სახელოვნებო სტუდია „გვირილას“ დამფუძნებელმა ერნა წიფურიამ მიმართეს.
გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის განმტკიცების საქმეში ხალხთა შორის კულტურული კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ამ კონტექსტში სტუდია „გვირილას“ საგასტროლე ტურნეს როლზე ისაუბრეს. შეხვედრას კულტურის დამსახურებული მოღვაწეები კახი კავსაძე, მედია ამირანაშვილი, ომარ მხეიძე და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.