თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, დღეს საკრებულოში საქართველოში მომუშავე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს უმასპინძლეს. შეხვედრაზე, რომელზეც თბილისის განათლებისა და კულტურის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ერთობლივ სამომავლო პროექტებზე იმსჯელეს, გასულ წელს დედაქალაქის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები იყო წარმოდგენილი, რაც თბილისის კულტურის სტრატეგიის პოლიტიკის დოკუმენტს საფუძვლად დაედება.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მიმართა. მან დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათთან მჭიდრო თანამშრომლობა დედაქალაქისთვის შედეგის მომტანი იქნება. გიორგი ტყემალაძის თქმით შეხვედრის მსგავსი ფორმატი არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ერთობლივი თანამშრომლობით დაგეგმილი ღონისძიებები კიდევ უფრო აქტიურად განხორციელდეს.
თბილისის კულტურის სტრატეგიის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა თამარ ტალიაშვილმა.
„თბილისის სტრატეგიის მეშვეობით, ჩვენ უნდა ვმართოთ კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი სფერო ისე, რომ ხელი შევუწყოთ ნდობასა და დიალოგზე დაფუძნებული, ინკლუზიური და ტოლერანტული, თავისუფალი და ერთიანი საზოგადოების შენებას. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შევიმუშავებთ სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელიც შექმნის ახალ კრეატიულ მიდგომებს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
შეხვედრისას საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოში მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
დღესვე, თბილისის საკრებულოს, ათასწლეულის ფონდ საქართველოს (MCA-Georgia) და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანმა ჰალილ გუვენმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს (MCA-Georgia) აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ მოაწერეს.