თბილისის საკრებულოში ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი მონაწილეობდნენ.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის თქმით, შეხვედრა დედაქალაქის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის გამჭვირვალე და ჩართულობითი პროცესის ნაწილია. დეპუტატმა მოწვეულ ექსპერტს დედაქალაქის კულტურის განვითარების არსებული ტენდენციები, მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პლატფორმების საშუალებით საქართველოს წარმოჩენის და ამ კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო. თამარ ტალიაშვილმა ასევე, დედაქალაქის კულტურული განვითარების სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტზეც ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თბილისის კულტურის განვითარების სტრატეგიულ ხედვებსა და პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაზე. შეხვედრას ორგანიზებას უწევდა ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი ლევან ხეთაგური.
თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მაკა ნასრაშვილმა, შეხვედრაზე 2018 წელს მერიის მიერ კულტურის სფეროს კვლევის შედეგები წარმოადგინა და კულტურის სტრატეგიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა თბილისის კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები დააფიქსირეს.
კარლ ერიკ ნორმანმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინა; მან მომავალში კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრაში განათლებისა და კულტურის კომისიის წევრები, კულტურისა და მეცნიერების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი იური მღებრიშვილი, თბილისის მუნიციპალური თეატრებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წარმომადგენელი ლევან დვალი, ,,სამეფო უბნის თეატრის’’ წარმომადგენელი ნიკა თავაძე, ახმეტელის თეატრის წარმომადგენლები ირაკლი გოგია და გია ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.