თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი სკოლამდელი განათლების და ადრეული განვითარების საერთაშორისო ექსპერტს იან პიტერს და გაერო-ს განათლების პროგრამის ხელმძღვანელს მაია ყუფარაძეს შეხვდა. შეხვედრაზე თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სტანდარტის დანერგვასა და, ზოგადად, სკოლამდელი აღზრდის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და მიღწევებზე ისაუბრეს.
სკოლამდელი განათლების საერთაშორისო ექსპერტმა იან პიტერმა აღნიშნა, რომ ის იმყოფებოდა თბილისის რამდენიმე საჯარო ბაგა-ბაღში, გაეცნო მიმდინარე სააღმზრდელო მეთოდოლოგიურ პროცესს, რამაც მასზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. იან პიტერმა ასევე მოიწონა დეპუტატ თამარ ტალიაშვილის ინიციატივა, რის შედეგადაც თბილისის ბაგა-ბაღები დაკომპლექტდა ფსიქოლოგებით, ლოგოპედებითა და სპეცპედაგოგებით .
,,მჯერა, რომ უახლოეს პერიოდში თბილისის ბაგა-ბაღებში დაგეგმილი ცვლილებები და სამომავლოდ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება სკოლამდელი განათლების სისტემისთვის,“ - განაცხადა იან პიტერმა.
თამარ ტალიაშვილმა მადლობა გადაუხადა UNICEF-ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ნორმატიული აქტების შექმნის პროცესში ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, რომ გაწეული მუშაობის შედაგად, უკვე მომზადებულია ნორმატიული აქტების პროექტები, მათ შორის დადგენილების პროექტს ბაგა-ბაღების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების შესახებ უახლოეს დღეებში განიხილავენ საკრებულოს სხდომაზე.
თამარ ტალიაშვილმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის ახალი სტანდარტის შემუშავების პროცესში ბაგა-ბაღების პერსონალის ტრეინინგების და მათი კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე შესახებ ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.