თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოადგინა.
დღესვე, სხდომაზე კომისიის წევრებმა განათლებისა და კულტურის კომისიაში წარმოდგენილი წერილის საფუძველზე, ცნობილი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის, მემორიალური დაფის განთავსების შესახებ იმსჯელეს, რომელიც უახლოეს მომავალში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სპეციალურ კომისიას გადაეგზავნება.
ჯემალ ცერცვაძის ოჯახის წევრების და ხელბურთის ფედერაციის მხრიდან, არერთხელ გამოითქვა ინიციატივა ხელბურთელის საცხოვრებელ სახელზე მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პიროვნების გარდაცვალებიდან არ იყო 5 წელი გასული, მემორიალური დაფის განთავსება შესაძლებელი არ იყო.
აღსანიშნავია, რომ ქ. თბილისში, კორნელი კეკელიძის №25-ში, 1972-2019 წლებში ცხოვრობდა ღირსების ორდენის კავალერი, სპორტის ოსტატი, „სპორტის რაინდის“, საქართველოს საუკუნის სპორტსმენის“ წოდებებისა და ქ. არვადის (ა.შ.შ., კოლორადი) „საპატიო მოქალაქის“ ტიტულის მფლობელი, მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავი ჯემალ ცერცვაძე.
საზოგადოების აქტიური თხოვნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან, 2023 წლის 25 აგვისტოს გამოიცა განკარგულება, „ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ივანე მიჩურინის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის ხელბურთელის ჯემალ ცერცვაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ“.
როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით, ქუჩისთვის სახელის მინიჭების შემდეგ, შესაძლებელი გახდა 5 წლამდე ვადის ფარგლებში მემორიალური დაფის განთავსების საკითხზე მსჯელობა.
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომას, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დარგობრივი კომისიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები: ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, მწერალი, ჟურნალისტი დემიკო ლოლაძე და ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე ესწრებოდნენ.
კომისიის წევრებმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.