თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტი განხილეს, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ გააცნო.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი და პოზიტიურია. უნდა აღინიშნოს, რომ მუზეუმების გაერთიანების ხელშეწყობისთვის ბიუჯეტი იზრდება 350,0 ათასი ლარით, რაც განკუთვნილია თბილისის საკრებულოში თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის პროექტირებისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი საკრებულოს ისტორიულ შენობაში განთავსდება.
კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის წესის ცვლილება, რომლის მიხედვით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესში 2023-2024 სააღმზრდელო წელს კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი დაემატება და საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები დარეგისტრირდებიან, მეორე ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე, გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია. როგორც სხდომაზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, გოგი ჩიქოვანის მხრიდან აღინიშნა, რეგისტრაციისას გამოყოფილია სოციალური ჯგუფები, რომელთაც პრიორიტეტი ენიჭება. ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა მათი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელს. რაც შეეხება საბავშვო ბაღების მშენებლობას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და სექტემბრისთვის თბილისს სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე, 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
კომისიების წევრებმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი
რეკომენდაცია მისცეს.