თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განხილეს, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ, და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ გააცნეს.
წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2023 წლის 1 იანვრისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების (137 794,2 ათასი ლარი) გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, იზრდება არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები შემოსავლები 5 000,0 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება სულ 142 794,2 ათასი ლარით და შეადგენს 1 774 926,8 ათას ლარს.
როგორც განათლებისა და კულტურის მიმართულებით არსებული საბიუჯეტო პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსებაში წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით სხდომაზე განიმარტა, აღნიშნული სფეროების ხელშემწყობი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დასაფინანსებლად ასიგნები გადანაწილდა შემდეგნაირად: იზრდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა (კოდი 07 01 02) – 18 653,0 ათასი ლარი; ასევე პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა (კოდი 07 04) პროგრამის ასიგნებები – 350,0 ათასი ლარი; კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა (კოდი 08 05) – 500,0 ათასი ლარი. ამასთან, ბიუჯეტში ემატება ახალი პროგრამა: საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა (კოდი 08 10) – 500,0 ათასი ლარი.
დღესვე კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, „საჯარო ხელოვნების ფონდის“, დაფუძნების თაობაზე იმსჯელეს. აღნიშნული ფონდის საქმიანობის მიზანი საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის თანამედროვე ხელოვნების და არტისტების პოპულარიზაცია, ეროვნული და მსოფლიო ხელოვნების ხელმისაწვდომობაა.
როგორც კომისიის სხდომაზე განმარტეს, „საჯარო ხელოვნების ფონდი“ ხელს შეუწყობს გამოფენებისა და სხვადასხვა პროექტის განხორციელების მეშვეობით ქართველ ხელოვანთა მხარდაჭერას და მათი შემოქმედებითი ზრდის წახალისებას. მათ შორის ახალგაზრდა ხელოვანების ექსპერიმენტული, ინოვაციური, კრეატიული პროექტების განხორციელებას, ასევე სხვადასხვა სახის შეხვედრების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, ლექციებისა და ტურის ჩატარების მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოებაში კულტურულ-შემოქმედებით ამაღლებას. პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარმოადგინა.
კომისიების წევრებმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.