თბილისის საკრებულოსა და “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და შპს “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, მემორანდუმი ახალგაზრდების მომავალს უკავშირდება და მის განხორციელებაში ყველამ წვლილი უნდა შეიტანოს. გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას ჩაეყრება საფუძველი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ თავის მხრივ იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტსა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობა ხანგრძლივი და პროდუქტიული იქნება.
თბილისის საკრებულოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი 5 წლით იმოქმედებს.