თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ტექნოლოგიურ პარკში გამართულ შემოქმედებითი ბიზნესის ხელშეწყობისა და ინდუსტრიის გაძლიერების პროექტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
პროექტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა.
სამუშაო შეხვედრა, სახელწოდებით „როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმიანობიდან“ იდეალური შესაძლებლობაა კულტურულ და კრეატიულ სექტორში დასაქმებული და დასაქმების სურვილის მქონე პირებისთვის, კრეატიული ბიზნესების პოტენციალის იდენტიფიცირება მოახდინონ, განავითარონ საკუთარი იდეები და ისინი ბიზნეს საქმიანობებად გარდაქმნან.
თამარ ტალიაშვილმა პროექტის გახსნაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის განვითარებაში შემოქმედებითი ინდუსტრიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ეს ღონისძიება შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის მიზნით ტარდება, რაც თბილისის შემოქმედებით ქალაქად გარდაქმნისთვის ერთ-ერთი ეფექტური ნაბიჯია. ამ მიმართულებით ქვეყნის ხელისუფლება და დედაქალაქის მმართველობა მნიშვნელოვან ინიციატივებს ვახორციელებთ, მათ შორისაა პროექტი დამწყები ქართველი დიზაინერებისათვის.
ასევე, უკვე მეორე წელია საკრებულო აცხადებს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსს „თბილისი“, რომელიც ფართო შესაძლებლობებს აძლევს ჩვენს ხელოვანებს, არქიტექტორებსა და ფოტოგრაფებს“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
სამუშაო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა მეწარმეებმა, პროექტის მენეჯერებმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი კახაბერ გვანცელაძე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე, British Council-ის დირექტორი ზაზა ფურცელაძე, გერმანიის საელჩოს ატაშე და ორგანიზაცია Balki Loft Project-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.