თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი სასტუმრო „რადისონში“ გამართულ სასკოლო კლუბების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
ფორუმი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი სასკოლო კლუბებისა და თვითმმართველობების ინფორმირებულობის გაზრდა, ასევე საზოგადოებრივ და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა.
პროექტში მონაწილეობა თბილისის 80-მა საჯარო სკოლამ, საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა მიიღო.
თამარ ტალიაშვილმა ფორუმზე არაფორმალური განათლების, ასევე ახალგაზრდული და სასკოლო კლუბებისთვის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ასევე მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივ და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობით, ჩვენ მოტივირებულ და პროდუქტიულ ახალგაზრდა თაობას მივიღებთ’’,-განაცხადა საკრებულოს წევრმა. როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, მოსწავლეების ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ჩართულობისა და მუნიციპალიტეტის მუშაობის პრინციპებზე მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სასკოლო კლუბებთან ერთად განხორციელებული აქტივობები და შეხვედრები დედაქალაქის საკრებულოში კვლავაც გაგრძელდება.