თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის – ნოე რამიშვილის შთამომავლებს მიშელ რამიშვილს და მარიამ დავითაშვილს შეხვდა.
შეხვედრა თბილისის საკრებულოში გაიმართა. მასზე ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაზე ისაუბრეს, რომელიც უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება.
„საქართველოს მთავრობამ ყველა ნაბიჯი გადადგა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხის მოსაგვარებლად. მჯერა, რომ ლევილი არა მარტო შეინარჩუნებს თავის ისტორიულ დატვირთვას, არამედ შუაგულ საფრანგეთში საქართველოს კულტურის მნიშვნელოვანი კერა გახდება“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მიშელ რამიშვილის თქმით, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა კულტურულ-ისტორიულ ცენტრს უფრო მეტად განავითარებს, შედეგად კი საფრანგეთის ქართული მიწა ქართველი სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის და მკვევარებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამავე ტერიტორიაზე იქნება ბიბლიოთეკა, არქივი და მუზეუმი, რომელიც მომავალ თაობებს 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკის ისტორიას გააცნობს.
შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა ასევე ისაუბრა მიშელ რამიშვილის ღვაწლზე ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში. თავის მხრივ ნოე რამიშვილის შთამომავლებმა თამარ ტალიაშვილს ნოე რამიშვილის ბიუსტის დადგმისა და ქუჩისთვის მისი სახელის მინიჭების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ ნოე რამიშვილის შთამომავლები 2014 წელს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას ესწრებოდნენ. ნოე რამიშვილი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი იყო. მან საქართველო საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ დატოვა და საფრანგეთში, ლევილის მამულში დასახლდა. ნოე რამიშვილი 1930 წელს საფრანგეთში მოკლეს. ის ლევილის სასაფლაოზეა დაკრძალული.