თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძეს მეთოდისტების გადამზადების პროცესს გაეცნენ. ტრენინგ-კურსის შესახებ ინფორმაცია მათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ხვედელიძემ მიაწოდა.
ტრენინგ-პროგრამა 2018 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად შეიმუშავა სახელწოდებით - "აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მომზადების საბაზო კურსი."
თამარ ტალიაშვილმა კურსის მნიშვნელობასა და სკოლამდელი განათლების მიმდინარე რეფორმის პროცესში უწყებათა ერთობლივ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებს ვუბრუნებთ პედაგოგის სტატუსს და სკოლამდელ განათლებაში ვაძლიერებთ განათლების კომპონენტს. ბაგა-ბაღის მეთოდისტი ხდება უმნიშვნელოვანესი რგოლი სკოლამდელი განათლების სისტემის, შესამაბისად, მათი კვალიფიკაციის ამაღლება გადამწყვეტ როლს ითამაშებს ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების აღზრდა-განვითარების ხარისხზე. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია განათლების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის კოორდინირებული მუშაობა,“ - განაცხადა დეპუტატმა.
ტრენინგ-პროგრამაში გათვალისწინებულია შემდეგი თემატიკა: ადრეული განათლების ფილოსოფია, ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები და კურიკულუმი, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, საგანმანათლებლო გარემო, მეთოდოლოგია, ბავშვზე დაკვირვება და შეფასება. ტრენინგ პროგრამა 66 საკონტაქტო და 34 არასაკონტაქტო საათისგან შედგება. ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.