თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, დედამიწის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში საკრებულოსა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალური ხელოვნების სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ფილიალების, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის აღსაზრდელებმა სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა შეაგროვეს ჰერბარიუმი, ბოტანიკურ ბაღში არსებული მცენარეული ნარჩენებისგან შექმნეს კომპოზიციები, გააკეთეს ჩანახატები და დარგეს მცენარეები. დღესვე მათთვის შემეცნებითი ტური მოეწყო, რომლის ფარგლებშიც აღსაზრდელები ბოტანიკურ ბაღში დაცული მცენარეების უნიკალურ სახეობებს გაეცნენ.
ღონისძიება მუსიკალურად ა(ა)იპ თბილისის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 სამუსიკო სკოლის აღსაზრდებმა გააფორმეს.
ბოტანიკურ ბაღში შეკრებილ სტუმრებს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი თამარ ტალიაშვილი მიესალმა და ღონისძიების მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,დღევანდელი ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში პატარაობიდანვე გარემოს დაცვითი კულტურის განვითარებაა, რადგან ისეთი ფუნდამენტური თემების გადასაწყვეტად, როგორიცაა ეკოლოგიის საკითხები, კულტურა და ადათ-წესები ძალიან ეფექტური განვითარების გზაა.
მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ აქციაში, რომელიც ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობით შედგა, ჩართულები არიან თბილისის მუნიციპალური ხელოვნების სკოლები, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლების ფილიალები, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა. მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და ყველა მონაწილეს“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატი ზაქარია კოლელიშვილი ესწრებოდა, რომელიც სტუმრებს მიესალმა და ახალგაზრდებში ბუნების სიყვარულის ჩანერგვის მიზნით, მსგავსი კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თბილისის მუნიციპალური ხელოვნების სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ფილიალების, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და გალერეის დირექტორები, პედაგოგები და აღსაზრდელების მშობლები ესწრებოდნენ.