,,თბილისის მუზეუმების კვირეულის“ ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, თემქისა და ლილოს დასახლების სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლეს.
მოსწავლეები 3D ფორმატის გამოსახულების საშუალებით ქართველი რომანტიკოსის ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას გაეცნენ.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი იმ მოსწავლეებს, რომლებსაც მუზეუმების მონახულების სურვილი აქვთ. ამ პროექტის ხელშეწყობით, მათ საშუალება ეძლევათ მუზეუმებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესში ჩაერთონ,“-განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
თამარ ტალიაშვილის თქმით, დღევანდელმა მოვლენებმა ცხადყო, მომავალი თაობის კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში ჩართულობის ზრდის აუცილებლობა.
,,ციფრული ტექნოლოგიების პროგრესი თავისთავად იწვევს ღირებულებების გადაფასებას და ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლები, ვალდებულები ვართ, ხელი შევუწყოთ კულტურული საგანძურის შენარჩუნებას და ახალგაზრდების დაინტერესებას. ეს ჩვენი თანამედროვეობის გამოწვევაა და ვფიქრობ, ასეთი კულტურული პროექტებით, რომლებიც არ იქნება ერთჯერადი, შევძლებთ ჩვენს ახალგაზრდებში, კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ცნობადობის გაზრდას ,,-განაცხადა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ.
აღნიშნული პროექტით თბილისის საკრებულო მუზეუმების საერთაშორისო დღეს შეუერთდა, რომელიც 1977 წლიდან მუზეუმების საერთშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 18 მაისს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილე ბავშვებს საკრებულოს დეპუტატები თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში უმასპინძლებენ და მათ პროექტში მონაწილეობის სიგელებით დააჯილდოვებენ.
მუზეუმების კვირეულს დედაქალაქი კომპლექსური ღონისძიებებით უერთდება. „მუზეუმების გაერთიანების“ ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დღეს მოეწყობა „მუზეუმის ღამე თოჯინებთან და სათამაშოებთან ერთად’’, ხოლო 19 მაისს მუზეუმები დაინტერსებულ აუდიტორიას მრავალფეროვან საგანმანათლებლო და საგამოფენო პროგრამებს, მარშრუტებს, მასტერ-კლასებსა და სპეციალურ ანიმაციებს, შესთავაზებს.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება ცხრა მუზეუმს აერთიანებს: ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი და სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი.