თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ეკატერინე მაიერერინგ-მიქაძეს, კატარის კულტურული ფონდის, კულტურის პროგრამებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორს მარიამ ალ საადს და მხატვარ ალლი დასმალ ალ კუვარს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი კატარისა და საქართველოს კულტურას, ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე დღეს გალერეაში „ვანდა“ მხატვარ ალლი დასმალ ალ კუვარის ნახატების გამოფენის გახსნას შეეხო.
მხარეებმა გაზაფხულზე ქალაქ დოჰაში საქართველოს კულტურის დღეების ერთობლივად ჩატარების სურვილი გამოთქვეს. საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოსა და კატარის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და სტუმრებს სხვადასხვა კულტურული პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერას დაპირდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასპინძლებმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინეს.