თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის სამი თვის ანგარიში მოისმინეს.
კახაბერ გვანცელაძემ სააგენტოს მიერ ამ პერიოდში გაწეულ სამუშაოებზე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციაზე, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებაზე, ახალ სერვისებსა და პროექტებზე, რომელთა დანერგვასა და განხორციელებას სააგენტო ახლო მომავალში გეგმავს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განაცხადებით, კომისია აგრძელებს სხდომის ფორმატში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვას. მისი თქმით, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის’’ რეფორმის განხორციელების პროცესში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია აქტიურადაა ჩართული.
,,თბილიში 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლებიც მომდევნო წელს ეტაპობრივად გაიხსნება. ახალი ბაღები ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება. გარდა ამისა, დაგეგმილია 26-მდე საბავშვო ბაღის გამაგრება-აღდგენა. ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად მოხსნის ჯგუფების გადატვირთულობის პრობლემას და გააუმჯობესებს ბაღების ხელმისაწვდომობას. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ სფეროში კვლავ რჩება ინკლუზიური მიმართულებით მუშაობა და სწავლების ახალი, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა’’ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.