თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის „ბიუჯეტის პროექტის შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ, წარადგინა. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 1 700,912.4 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 632,132.6 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 68,779.8 ათასი ლარით, ხოლო განათლებისა და კულტურის მიმართულებით ბიუჯეტი წარმოდგენილია შემდეგნაირად: განათლება – 246 047,1 ათასი ლარი; კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა – 35 534,7 ათასი ლარი.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, დედაქალაქის საბიუჯეტო პოლიტიკისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება განათლებისა და კულტურის სფეროების მხარდაჭერა, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში მობილიზებულია შესაბამისი ასიგნები, რაც უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების წარმატებით განხორციელებას. კომისიამ ასევე შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება მუზეუმების, ხელოვნების სკოლების და ბიბლიოთეკების მოდერნიზების პროცესის გაგრძელებას, მათი ფუნქციონირებისა და საქმიანობის თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას; ხელოვნების ძეგლებისა და პანთეონების მოვლასა და დაცვას.
დღესვე კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის „ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №19-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხი მოისმინეს და სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაციები გასცეს.