თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
საკითხი საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა, რომელმაც ბიუჯეტის პროექტის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტთან მიმართებით, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა რომ, გასული წლების მსგავსად, განათლებისა და კულტურის კომისია რეკომენდაციას უწევს შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების განვითარებასა და კულტურის ობიექტების მოდერნიზაციას, მათ შორის, მუზეუმების, ხელოვნების სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და სახლების, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების განახლების პროცესის გაგრძელებას, მათი საქმიანობის თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანას; ხელოვნების ძეგლებისა და პანთეონების მოვლასა და დაცვას; კულტურული და საგანმანათლებლო ობიექტებისა და ღონისძიებების დედაქალაქის გარეუბნებში განშლას.
თამარ ტალიაშვილის განმარტებით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის აპრილში, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს მიიღებს. ეს სტატუსი 2002 წელს, იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა და მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს თბილისი 2021 წლის 23 აპრილს, ზუსტად 1 წლით ატარებს. ამ დროის მანძილზე დაგეგმილია მრავალფეროვანი ღონისძიებები იუნესკო-ს წარმომადგენლებისა და საკონსულტაციო კომიტეტის წევრების ჩართულობით.
საქართველოსთვის აღნიშნული პროექტის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე და მაღალ დონეზე განსახორციელებლად, ბიუჯეტში გასათვალისწინებელია შესაბამისი ოდენობის თანხები.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც დეპუტატებმა კენჭი უყარეს რეკომენდაციებს, რომელებსაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის განხილულ პროექტთან მიმართებით წარადგენენ.