თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, „თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნეს. მათი განცხადებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა განისაზღვრა 1 632 132,6 ათას ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 305 418,2 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 326 714,4 ათასი ლარით, ხოლო 2023 წლის პირველადი წარდგენილი ბიუჯეტის პროექტთან შედარებით გაზრდილია 193 357,4 ათასი ლარით.
კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, წარმოდგენილი ბიუჯეტიდან გამომდინარე, 2023 წელს კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია წარმოდგენილია. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შეუფერხებლად გაგრძელდება დედაქალაქში შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობა, საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალების განხორციელება, თბილისის დამეგობრებულ ქალაქებთან და დედაქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებთან კულტურის სხვადასხვა სფეროს ღონისძიებების ორგანიზება, თეატრალური და სახელოვნებო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების ხელშეწყობა, თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, რელიგიური ღონისძიებების და კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერა, ხელოვნების სკოლების რეაბილიტაცია და თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმისთვის გამოყოფილი ფართობის (თბილისის საკრებულოს შენობა) სამუზეუმო სივრცედ მოწყობა.
კომისიის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საბიუჯეტო ასიგნების გაზრდილი მაჩვენებელი 2023 წლის ბიუჯეტის პირველ წარდგენილ პროექტთან მიმართებაში მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელშეწყობა, რომლის ქვეპროგრამების ასიგნებები გაიზარდა მილიონი ლარით. ასევე, კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების ქვეპროგრამების ასიგნენები მილიონი ლარით გაიზრდება.
დღესვე, კომისიის წევრებმა განათლების და კულტურის კომისიაში შემოსული კორესპონდენციის საფუძველზე აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხზე იმსჯელეს, რომელიც უახლოეს მომავალში გადაეგზავნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სპეციალურ კომისიას.
სხდომის დასასრულს, კომისიის წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.