თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც რეგლამენტით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დაფუძნება და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცება.
პირველი საკითხი მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ წარმოადგინა, რომელმაც დედაქალაქში დღეს არსებულ ბიბლიოთეკების მდგომარეობაზე და საბიბლიოთეკო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
,,გასულ წლებში ჩვენი მიდგომა იყო ფუნდამენტური. დავიწყეთ წიგნადი ფონდის აღრიცხვა, ელ-კატალოგების შექმნა და რაც მთავარია, სამართლებრივი ნაწილის მოწესრიგება, რაც გულისხმობს შენობების მუნიციპალურ საკუთრებაში რეგისტრაციის ეტაპობრივ პროცესს. ასევე, განვახორციელეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, თუმცა დღეს უკვე საუბარია ბიბლიოთეკების მოდერნიზებაზე, ახალ კონცეფციაზე, რომელიც თანამედროვე მკითხველის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს’’- განაცხადა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა.
რეფორმის ფარგლებში, ასევე სხვადასხვა ტიპის პროფილური სერვისები შეიქმნება, მოხდება ბიბლიოთეკარების გადამზადება და იქ არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
რაც შეეხება მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების საკითხს, კომისიამ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები წარმოადგინა, რომლებსაც საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.