საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი ანდრეს კნაპე ეწვია, რომელიც დღეს საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდა.
ღონისძიებაზე, რომელსაც ორგანიზებას ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი უწევდა, ანდერს კნაპემ საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები დაგმო და საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. აღსანიშნავია, რომ კონგრესის პრეზიდენტთან ერთად ვიზიტში მონაწილეობას ამავე ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი იღებდა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებსა და ახალგაზრდებს ეროვნული მუზეუმის მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ექსპოზიციები დაათვალიერებინეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ევროსაბჭოს რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტის ანდერს კნაპეს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩანიშნულია მაღალი რანგის შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში, საქართველოს პარლამენტში, ასევე ევროსაბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესში - საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან, კახა კალაძესთან. სიტუაციის ადგილზე გაცნობის მიზნით, დაგეგმილია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიის მონახულებაც.