თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა, განცხადებებით გაიხსნა. განცხადებები გააკეთეს როგორც საკრებულოს უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. საკითხები, რომლებზეც საკრებულოს წევრებმა ყურადღება გაამახვილეს, ქალთა მიმართა ძალადობის წინააღმდეგ კამპანია, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს და სხვადასხვა სოციალური პროგრამებს ეხებოდა.
განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე გადავიდნენ.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 1,438,775 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წელთან შედარებით, 133 მილიონი 357 ათასი ლარით მეტია. მისივე ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტით დაფინანსდება ყველა ის მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქის მცხოვრებთა სოციალურ დაცვას, ჯანდაცვას, ეკონომიკურ განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება/გაუმჯობესებას, ტრანსპორტის განვითარებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, კომუნალური მეურნეობის განვითარებას, განათლებას, სპორტსა და კულტურას.
პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება. კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯები.
ბიუჯეტის პროექტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს. საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის N84-64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხს.
სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა საკრებულოს წევრებს ის ცვლილებები გააცნო, რომელთა თანახმად, საკრებულოს დადგენილების შესაბამის მუხლს, რომლითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური განისაზღვრება, ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის და მოპედის შემთხვევაში 150 ლარის, ხოლო M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში -500 ლარის ოდენობით განისაზღვროს. რაც შეეხება ამავე პუნქტის ,,ა'' და ,,ბ'' ქვეპუნქტებით გათვალისწინებულების გარდა სხვა სახეობის საშუალების შემთხვევებს, მათი ტრანსპორტირების საფასური-800 ლარი გახდეს.
სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა საკრებულოს სხდომაზე მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ დადგენილებების პროექტები წარადგინა. როგორც თემურ ბოლოთაშვილმა აღნიშნა, ცვლილებით იზრდება დაჩქარებული მოსაკრებლის ტარიფები.
საკრებულოს წევრებმა თანხმობა მისცეს თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ლიკვიდაციის თაობაზე დადგენილებას.
საკრებულოს სხდომაზე ასევე მხარი დაუჭირეს, სსიპ ქალაქ თბილისის N 32 საჯარო სკოლისთვის აფხაზეთის ომის გმირის, ბაბუშარას აეროპორტში დაღუპული, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსნის ბესარიონ კივილაძის და 2008 წლის ომში დაღუპული, კაპიტნის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსნის ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მინიჭების შესახებ საკითხს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, შპს ,,ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და შპს „აურადეველოპმენტის“ მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულებაში ცვლილება წარადგინა.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში ცვლილებები, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილებები განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის, ასევე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებსაც დაუჭირეს მხარი.