თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით, დღეს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომა გაიმართა. სხდომა ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და ნუ მოახდენენ საკითხის პოლიტიზებას.
საკრებულოში სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდა, რომლებიც როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს, რის შემდეგაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი აბუთიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
დღევანდელ სხდომაზე მერიის საქალაქო საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა. გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, ბიუჯეტში ცვლილებები გადასახდელების ნაწილში თბილისის მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის, რაიონის გამგეობის და ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის დამატებითი მოთხოვნებისა და გადანაწილების შესახებ წინადადებების გათვალისწინებით ხორციელდება. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის ჯამური მოცულობა უცვლელი რჩება და იგი კვლავ 1 559 866,6 ათას ლარს შეადგენს, მაგრამ ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდება.
საკრებულოს სხდომაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებაზეც იმსჯელეს და წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, თბილისში მდებარე რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი დაერქვა.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების გამოყენების საკითხებიც განიხილეს. შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიებისთვის ფინანსური ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
დეპუტატებმა დედაქალაქის საკრებულოს სხვადასხვა დადგენილებებში შესატანი ცვლილებებიც დაამტკიცეს. მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის; თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის; თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების; თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით, ასევე საბაგირო გზით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
ამას გარდა, ცვლილებები შევიდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ რიგი მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში, საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, იჯარის ფორმით სარგებლობის, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხები დაამტკიცეს და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები შეათანხმეს.