თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა, პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. განცხადებები გაკეთდა საკრებულოს ოპოზიციის და უმრავლესობის მხრიდან.
პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე გადავიდნენ. მერიის საქალაქო საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ საკრებულოს წევრებს დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები გააცნო. თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შემოსულობების ნაწილში დამატებული ღირებულების გადასახადის ზრდით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტების შემცირებით, მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნებისა და გადანაწილების შესახებ წინადადებების გათვალისწინებით ხორციელდება. ბიუჯეტი 8 მილიონ 116 ათასი ლარით იზრდება და 1 მილიარდ 567 მილიონ 982 ათასი ლარით განისაზღვრება. ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ბიუჯეტში ცვლილებების გარდა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესში ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა.
საკრებულოს წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს, რომელმაც რამდენიმე საკითხი წარადგინა. საკითხები აუქციონის პირობის ცვლილებას, კოოპერატიულ პროექტებს, მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებს ეხებოდა. მათ შორის საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის საკითხს.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების პროექტს, ასევე განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის შეთანხმების თაობაზე ცვლილებას.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს წევრებს „შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების თაობაზე განკარგულების პროექტები გააცნო.