თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარემ საბა ბუაძემ თბილისის საკრებულოში ბრიფინგი გამართა, რომელზეც დედაქალაქში შექმნილ საცობებზე ისაუბრა.
„თბილისში სატრანსპორტო ჯოჯოხეთია. ის სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც დედაქალაქის მერმა და მისმა გუნდმა დააანონსეს, ჩავარდა. ამას ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ. მთავარი დაპირება და გამოწვევა არის საზოგადოებრივი ტრანპორტის ადეკვატურად განვითარება. უკვე მეხუთე წელი დაიწყო კალაძის მმართველობის, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის შექმნილი სატრანსპორტო დერეფნები, არ არის დახაზული ავტობუსების ზოლები. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარი ლოკომოტივი ამ რეფორმის, 18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც არაერთხელ იქნა ქალაქის მერის მიერ დაანონსებული, ჯერ კიდევ არ არის შესყიდული. ასევე კალაძე თბილისელებს დაჰპირდა მეტროსადგურების განახლებას. 40 ახალი ვაგონი უნდა ყოფილიყო შესყიდული, მაგრამ ეს დაპირებაც არ შესრულებულა,“- განაცხადა საბა ბუაძემ.