თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის“ წევრმა ვახტანგ სურგულაძემ, უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილესთან გიორგი ენუქიძესთან და კავშირის წევრ ესმა გუმბერიძესთან ერთად, უსინათლოთა კავშირში მიმდინარე მოვლენებზე ბრიფინგი გამართა. ვახტანგ სურგულაძემ ხელისუფლებას ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უსინათლოთა კავშირიდან 6 თვის წინ თანამშრომლები გაათავისუფლეს, რის შემდეგაც დაწყებული კონფლიქტის მოგვარება ვერ ხდება.
„სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები უკვე 24-ე დღეა შიმშილობენ. მოვუწოდებ ხელისუფლებას ამ ადამიანების ბედით დაინტერესდეს და კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერთოს“-განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ.
ამას გარდა, დეპუტატმა ყურადღება უსინათლოთა სხვა პრობლემებზეც გაამახვილა. მისი თქმით, მათ არ აქვთ ადაპტირებული გარემო და ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.