თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, ლევან მიქავას, მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები გააცნო.
როგორც ლევან მიქავამ აღნიშნა, დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი 1 700,912.4 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 68,779.8 ათასი ლარით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები, რომლებსაც ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, 1 509, 500 ათასი ლარით დაფინანსდება.
დღესვე თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს, ნინო ბაგაშვილს, მოუსმინეს, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხი წარმოადგინა.
დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პროცედურის შესაბამისად განიხილეს, რის შემდეგაც კომისიის წევრებმა თავიანთი შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.